ბატკნის ჩაქაფული
ბატკნის ხორცს (მთლად ქორფა არ გინდათ!) გარეცხავთ, ძვლიანად დაჭრით (არ მსხვილ, არც წვრილ, უფრო საშუალო ნაჭრებად) და ჩააწყობთ ქვაბში, იქვე დაუდებთ ცოტა დუმის ქონს, წვრილად დაჭრილს). დადგამთ ძალიან ნელ, ლამის მბჟუტავ ცეცხლზე და ადუღებთ იმ საკუთარ წვენში, რომელიც გამოუვა. გარეშე წყალს საერთოდ არ დაასხავთ არც ერთ ეტაპზე. თუ ამოშრა ხორცის მომზადებამდე, დაუმატებთ ღვინოს. რომ ამოშრება სითხე და ხორციც მომზადდება , დაასხით ისევ ღვინო (ცოტა!). დააყარეთ ერთი ფენა ნახევარალყებად დაჭრილი ხახვი.
პარალელურად დაჭერით ბლომად ქინძი, იმის ნახევარი ოხრახუში და ერთი ბეწო ნიახური + ბლომად ახალი ხახვი + გრძელი კახური წიწაკა (გემოზე), აურიეთ ერთმანეთში და მოზადებულ ხორცს დაადეთ ეს ყველაფერი ფენად. დაუმატეთ ტყემალი (მე კონსერვირებული მირჩევნია ხოლმე, მაგრამ ახალიც კარგია, თუ მწარე არ არის) გემოზე. ბლომად ქორფა ტარხუნა დაჭერით მსხვილად, ან, თუ ღერო მაგარი აქვს, ეგ ღერო გამოაცალეთ, დატოვეთ მხოლოდ ფოთლები და აღარ დაჭრათ და ეგ ტარხუნაც ზემოდან დაადეთ ფენად.
ფენები უნდა ისეთი იყოს, რომ მათ ქვეშ ხორცი არ ჩანდეს! დაახურეთ ხუფი. თუ ცეცხლი მბჟუტავია, ჩაქაფული მზად რომ იქნება, წამოიდუღებს და ზემოდან მოადგება ქაფი! მაგიტომ ჰქვია ჩაქაფული. ცოტა ხანი აცადეთ, იმ ქაფის მოხსნა არ დაიწყოთ! ბოლოს ისევ შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ღვინო. ქაფის გამოჩენიდან 15-20 წუთში კერძი მზადააა, მიირთვით ცხლად. ჰო, სულ დასაწყისში მარილი არ დაგავიწყდეთ. გარდა ამისა, ვისაც უყვარს, შეუძლია მწვანილამდე ცოტა დაფქვილი წითელი წიწაკა დაამატოს, არომატისთვის, მოუხდება.
ფაქტია, რომ მწვანილმა ხორცი საშუალო სისქის ფენებად უნდა დაფაროს, ტყემალი მოზომილად უყავით, თორემ დაგიმჟავებთ!დანარჩენი თქვენ იცით!
|