პაწაწინას ჯერ კიდევ მაშინ ზომავენ და წონიან, როდესაც დედიკოს მუცელში ნებივრობს და მოთმინებით ელის ამქვეყნად მობრძანების დროს. ბავშვის ზომასა და წონაზე დაკვირვება მშობლებს არც მისი დაბადების შემდეგ ბეზრდებათ. ის კი არა, მომატებული გრამებისა და სანტიმეტრების აღრიცხვა დედიკოსა და მამიკოს ისე სიამოვნებთ, რომ აზარტში შედიან და აწონა-გაზომვა ლამის ყოველდღიურ რიტუალად იქცევა ხოლმე. ვწონით პატარას დროული (ცხრათვიანი ორსულობის შედეგად დაბადებული) ახალშობილი, ჩვეულებრივ, 2500-დან 4000 გრამამდე იწონის. ბიჭუნების საშუალო მასა 3400-3500 გრამია, გოგონებისა კი 3100-3200, მაგრამ თუ თქვენი შვილი ორიოდე ასეული გრამით მეტი ან ნაკლები წონისა დაიბადა, ნუ იფიქრებთ, რომ მის თავს რაღაც ხდება. ამგვარი ცდომილება სავსებით დასაშვებია და არც ნორმიდან გადახრად ითვლება. მოყვანილი ციფრები მხოლოდ იმას გვიჩვენებს, რომ აქამდე დაბადებული და აწონილი დროულ ახალშობილები უპირატესად ამ წონისანი იყვნენ. ბავშვი, რომლის წონაც 2500 გრამზე ნაკლებია, სავარაუდოდ, ქვეყნიერებას დროზე ადრე მოევლინა, 4000 გრამზე მეტი წონის მქონე ახალშობილებს კი, მარტივად, გიგანტებს უწოდებენ. სიცოცხლის პირველი დღეებში ახალშობილთა უმრავლესობა წონას იკლებს. დანაკლისი არც ისე ბევრია და საერთო მასის დაახლოებით 6-10%-ს შეადგენს, რაც საშუალოდ 150-300 გრამს უტოლდება. დაბადების მეოთხე დღიდან მოყოლებული, ჩვილი დანაკლისის ანაზღაურებას იწყებს და ორ კვირაში წონას მთლიანად აღიდგენს. არიან ისეთი პაწაწინებიც, რომლებიც დაბადებიდანვე ცდილობენ, კომპრომისზე არ წავიდნენ. ისინი არც წონას კარგავენ. წონის ფიზიოლოგიურ კლებას განაპირობებს წყლის დაკარგვა კანიდან, ფილტვებიდან, ასევე – მოშარდვისა და ნაწლავების პირველი მოქმედების გზით. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რამდენ საკვებს იღებს ახალშობილი და ა.შ. წონის კლება დამოკიდებულია ასევე ახალშობილის მასაზე (რაც უფრო მეტია მისი თავდაპირველი წონა, მით მეტს კარგავს იგი); სქესზე (ბიჭუნები უფრო მეტს იკლებენ, ვიდრე გოგონები), იმაზე, მერამდენე ბავშვია ოჯახში (პირმშოები უფრო მეტად იკლებენ, ვიდრე მომდევნო შვილები) და ა.შ. გრამს მივუმატოთ გრამი მას შემდეგ, რაც პაწაწინა წონის კლებას დაამთავრებს და მატებას დაიწყებს, თვალსა და ხელს შუა მოსუქდება ხოლმე. 4-5 თვის ბავშვი ორჯერ მეტს იწონის, ვიდრე დაბადებისას, ერთი წლის ასაკში კი მისი მასა სამმაგდება. პირველ თვეს ჩვილი 600 გრამს იმატებს, მეორე თვეს – 800-1000 გრამს, მესამე თვეს – 800-ს. მომდევნო თვეებში მასის ნამატის გამოსათვლელად შემდეგი ფორმულა დაიხმარეთ: 800 – 50 X (n – 3), სადაც n თვეების რიცხვია. მათ, ვისაც ანგარიში უყვარს, კიდევ ერთ ფორმულას ვთავაზობთ, რომელიც პატარას საჭირო წონის განსაზღვრაში დაეხმარებათ. თუ ბავშვი 6 თვემდე ასაკისაა, ისარგებლეთ ფორმულით: 3400 + (800 X n), 6 თვის შემდეგ: 3400 + (800 X n) + 400 (n – 6), სადაც n თვეების რიცხვია. ამრიგად, თუ ბავშვი 5 თვისაა, მისი წონა იქნება: 3400 + (800 X 5) = 7400, ხოლო 10 თვის პატარა უნდა იწონიდეს: 3400 + (800 X 6) + 400 (10 – 6) = 9800-ს. უფრო მარტივად ბავშვის ნორმალური მასის გამოანგარიშება ამგვარად შეგიძლიათ: 6 თვის ბავშვის მასა 8200 გრამია, რამდენი თვითაც უმცროსია ჩვილი, იმდენ 800 გრამს აკლებენ, ხოლო რამდენი თვითაც უფროსი, იმდენ 400 გრამს უმატებენ. წლამდე ასაკის ბავშვს, მით უმეტეს – პირველი თვეების განმავლობაში, მზრუნველი მშობლები ლამის ყოველდღე წონიან და თუ პაწაწინამ სასურველი გრამების აკრეფა ვერ მოასწრო, ნერვიულობას იწყებენ. დაიხსომეთ: ბავშვის ყოველდღიური აწონა სრულებით არ არის საჭირო. საკმარისია, პატარა ღორმუცელა კვირაში ერთხელ წამოაკოტრიალოთ სასწორზე. თუ სასწორი წონის მატებას გიჩვენებთ, სანერვიულო არაფერი გაქვთ. ნურც მაშინ აღელდებით, თუ ბავშვის წონა ზუსტად არ ემთხვევა ფორმულით განსაზღვრულ რიცხვს. მცირედი ცდომილება დასაშვებია. ერთი წლის ბავშვის წონა დაახლოებით 10 კგ-ია. ამის შემდეგ პატარა ნაკლები ტემპით იმატებს, ვიდრე წლამდე. მეორე წელს ნამატი სამ კგ-მდეა, 3-დან 5 წლამდე კი – სულ რაღაც 2-2 კგ წელიწადში. განსაკუთრებით აქტიურად ბავშვი კილოგრამებს სქესობრივი მომწიფების ასაკში იკრეფს. ამ დროს წონის მატებამ წელიწადში შეიძლება 5-8 კგ-მდე მიაღწიოს. ერთი წლის შემდეგ ბავშვის წონა შეგიძლიათ შემდეგი ფორმულით გამოიანგარიშოთ: 2-დან 11 წლამდე პატარა ონავარი 10,5 + (2 X n)-ს უნდა იწონიდეს, ხოლო 12-დან 15 წლამდე – n X 5 – 20-ს, სადაც ნ წლების რიცხვია. ახლა კი ვიღებთ სანტიმეტრს და ... დროული ახალშობილის სიგრძე 46-52 სმ-ია, საშუალოდ – 50. ითვლება, რომ ბიჭუნები უფრო გრძელები არიან, ვიდრე გოგონები. საზოგადოდ, ახალშობილის სიგრძე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, მნიშვნელობა აქვს გენეტიკას, შემდეგ – ორსულობისას დედისა და ნაყოფს მიერ გადატანილ დაავადებებს და ა.შ., თქვენ წარმოიდგინეთ, მშობლებს შორის ასაკობრივ სხვაობასაც კი. თუ ერთი მეორეზე გაცილებით უფროსია, ბავშვი ნაკლები სიგრძის იბადება. ბავშვი ინტენსიურად იზრდება პირველი წლის პირველ ნახევარში. წლის პირველ მეოთხედში ყოველთვიურად 3-3 სმ-ს იმატებს, მეორე მეოთხედში – 2,5 სმ-ს, მესამე მეოთხედში – 2-ს, ხოლო მეოთხე მეოთხედში სულ რაღაც 1 სმ-ს. წლის ბოლოსთვის ნამატი დაახლოებით 25 სმ-ია, ანუ მთლიანობაში ჩვილის სიგრძე 75 სმ-ს შეადგენს. ბავშვის სიგრძის გამოთვლას თუ გადაწყვეტთ, შემდეგი კანონზომიერება გაითვალისწინეთ: 6 თვის ბავშვი დაახლოებით 66 სმ-ია. რამდენი თვითაც უმცროსია ჩვილი, იმდენ 2,5 სმ-ს აკლებთ და რამდენი თვითაც უფროსია, იმდენ 1,5 სმ-ს ამატებთ. ასე, მაგალითად: 4 თვის ბავშვის სიგრძე იქნება 66 – (2 X 2,5) = 61, ხოლო 10 თვის პატარასი – 66 + (4 X 1,5) = 72 სმ. ერთი წლის შემდეგ ზრდის ტემპი ნელ-ნელა იკლებს. მეორე წლის განმავლობაში პაწაწინა სულ 10-12 სმ-ით მაღლდება, მესამე წლის განმავლობაში – 8 სმ-ით, ხოლო მეოთხე-მეხუთე წელს – სულ რაღაც 4-6 სმ-ით. ამის შემდეგ სიმაღლის ყოველწლიური ნამატი საშუალოდ 5 სმ-ია. ახალშობილის თავდაპირველი სიგრძე 4 წლის ასაკში ორმაგდება, ხოლო 12 წლის ასაკში სამმაგდება. როგორც პედიატრები ირწმუნებიან, თანამედროვე ბავშვები საუკუნის წინანდელ თანატოლებთან შედარებით უფრო მაღლები არიან. ამ მოვლენას აქსელერაცია უწოდეს. სწორედ გამაღლების ტენდენციამ განაპირობა, რომ სიმაღლის გამოსაანგარიშებლად ახალი ფორმულა შემოიღეს. მიჩნეულია, რომ 4 წლის ბავშვი 100 სმ სიმაღლისაა. 4 წლამდე უნდა იყოს 100 – 8 X (4 – n), 4 წლის შემდეგ კი – 100 + 6 X (n – 4), სადაც ნ წლების რაოდენობაა. 2-15 წლის ასაკისთვის სიმაღლის გამოთვლა სხვაგვარადაც შეიძლება: 8 წლის ბავშვის სიმაღლე 130 სმ-ია, რამდენი წლითაც უმცროსია პატარა, იმდენ 7 სმ-ს აკლებენ, ხოლო რამდენითაც უფროსია, იმდენ 5 სმ-ს უმატებენ. საერთო ჯამში ბავშვის ზრდის ტემპი ბევრად არის დამოკიდებული გენეტიკურ ფაქტორებზე, მაგრამ სპეციალისტები არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ კვებას, ფიზიკურ დატვირთვას, დაავადებების არსებობა-არარსებობას. თქვენ წარმოიდგინეთ, ზრდის ინტენსივობა წელიწადის დროზეც ყოფილა დამოკიდებული: ბავშვები ტანს იყრიან გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში. საზოგადოდ, მიიჩნევა, რომ გოგონები 20 წლამდე (იშვიათად – 22 წლამდე) იზრდებიან, ხოლო ვაჟები – 23-24 წლამდეც კი.
სტატია აღებულია aversi.ge -დან
|