მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები უმეტესად ბავშვობაში იწყება. პატარა ვერ გადმოსცემს, რა აწუხებს, ამიტომ მშობლებმა უნდა იცოდნენ, რა იწვევს თვალის ამა თუ იმ პათოლოგიას, რათა შვილს ცხოვრების სწორი რეჟიმი შეუქმნან და მის მხედველობაზე იზრუნონ. გვესაუბრება ოფთალმოლოგი მაია კავლელაშვილი.
- რა ასაკიდან უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება ბავშვის მხედველობას?
- მხედველობის პროფილაქტიკა ბავშვის დაბადებამდე უნდა დაიწყოს. ცნობილია, რომ თვალის თანდაყოლილ პათოლოგიათა ნაწილი ვითარდება მუცლადყოფნის პერიოდში, დედის სხვადასხვა დაავადების ფონზე. მაგალითად, ორსულობის მეშვიდე-მერვე კვირას დედის მიერ გადატანილმა გრიპმა შესაძლოა თანდაყოლილი გლაუკომა გამოიწვიოს. თანდაყოლილი კატარაქტისა და ანთებითი პროცესების მიზეზიც დედის ინფექციური დაავადებაა. ნაყოფის მხედველობის ორგანოზე ასეთსავე გავლენას ახდენს დედის მავნე ჩვევები - თამბაქოს წევა, ალკოჰოლიზმი, ნარკოდამოკიდებულება. რისკფაქტორებია არადამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობები, არასრულფასოვანი კვება, არაჯანსაღი ეკოლოგიური გარემო, ხანგრძლივი სტრესი და ა.შ. ახალშობილის მხედველობის სიმახვილე დაბადებიდან 2 კვირის განმავლობაში ძალზე დაბალია და 0,01-0,02-ს არ აღემატება. ჩამოყალიბებულია მხოლოდ თვალის გუგის რეაქცია (რეფლექსი) სინათლეზე. 2-დან 5 კვირამდე ასაკის ჩვილი უკვე იწყებს მზერის ფიქსაციას სინათლეზე და შედარებით დიდი ზომის საგნებზე. ამ პერიოდში თვალების სინქრონული მოძრაობა ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, ამიტომ ბავშვი შესაძლოა თვალებს აელმებდეს. ამ ასაკში ეს საშიში არ არის, მაგრამ თუ სიელმემ დაბადებიდან 6-8 კვირის განმავლობაში არ გაიარა, უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს. მეორე თვიდან ბავშვი გარემოს შესწავლას იწყებს. მზერას აფიქსირებს საგნებზე და აკვირდება მათ მოძრაობას. სინქრონულად ვითარდება მხედველობა, სმენა და ტაქტილური მგრძნობელობა. მესამე-მეოთხე თვიდან იწყებს ჩამოყალიბებას ფერადი მხედველობა. მხედველობის სიმახვილე 0,2-0,4-მდე იმატებს. მეექვსე თვიდან ბავშვი მეტ-ნაკლებად სწორად აღიქვამს სხვადასხვა საგნამდე მანძილს. 2 წლის ასაკისთვის მხედველობის სიმახვილე 0,6-0,7-მდე იმატებს, ხოლო 3-4 წლის ბავშვის მხედველობის სიმახვილე მხოლოდ 10-20%-ით ჩამორჩება მოზრდილისას. პირველ წელს პატარას სჭირდება 5 პროფილაქტიკური გასინჯვა ოფთალმოლოგთან: სიცოცხლის პირველსავე დღეებში, ერთი თვის, სამი თვის, ექვსი თვისა და ერთი წლის ასაკში. ეს საშუალებას გვაძლევს, დროულად გამოვავლინოთ მხედველობის ორგანოს ნებისმიერი პათოლოგია. დაახლოებით 2 წლის ასაკიდან შესაძლებელია მხედველობის სიმახვილის გამოკვლევა სპეციალური საბავშვო ტაბულებით. სასურველია, - აუცილებელიც კი, - ბავშვებს მხედველობა სკოლაში მისვლამდეც შევუმოწმოთ, რათა, საჭიროებისამებრ, დროულად მოვახდინოთ კორექცია. მხედველობის შემოწმება და დროული კორექცია ბავშვს თავიდან ააცილებს იმ პრობლემებს, რომლებიც მხედველობის დაქვეითებას მოსდევს. სახელდობრ, დაძაბვის თავის ტკივილს, რომლის გამოც ბავშვმა შეიძლება სრულიად დაკარგოს მეცადინეობის სურვილი, განუვითარდეს ყურადღების დეფიციტი. შედარებით მოზრდილ ასაკში ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე მომენტს, კერძოდ, იმას, რამდენად მკვეთრია შორეული გამოსახულება (მაგალითად, დაფა და მასზე გაკეთებული წარწერები), ხომ არ ორდება ან მოძრაობს ასოები, მხედველობითი დატვირთვის შემდეგ ხომ არ იჩენს თავს ასთენიური ჩივილები (თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუხვევა). ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში ბავშვი კონსულტაციისთვის ოფთალმოლოგს უნდა მიუყვანოთ.
- წინათ მოწაფეებს მხედველობას სკოლაშივე უმოწმებდნენ. ამჟამად სკოლებში ექიმები არ არიან. კარგი იქნებოდა, ეს ტრადიცია აღგვედგინა...
- გეთანხმებით. პროფილაქტიკური შემოწმება ძალზე ფასეულია, ვინაიდან საგრძნობლად აადვილებს მხედველობის პათოლოგიათა დროულ დიაგნოსტიკას, დროულად და სწორად დაწყებული მკურნალობა კი გაცილებით შედეგიანია, მით უმეტეს - ბავშვთა ასაკში.
- თვალებიდან რა მანძილით უნდა იყოს დაშორებული წიგნი ან რვეული? რაზე მიუთითებს ამ ნორმების დარღვევა?
- კითხვისა და წერისას თვალებსა და სამუშაო ზედაპირს შორის ოპტიმალური მანძილი 30-40 სმ-ია. ასეთ მანძილზე ნორმალურად მხედველი თვალისთვის მუშაობა ყველაზე კომფორტულია. თუ მოწაფე სისტემატურად არღვევს ნორმას, ეს მხედველობის პათოლოგიაზე მიუთითებს.
- რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის სამუშაო ოთახის ან კუთხის განათებას და რა შეიძლება მოჰყვეს ცუდად განათებულ ოთახში მეცადინეობას?
- ოთახის სწორი განათება მეტად მნიშვნელოვანია მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებისთვის. ოთახი, სადაც ბავშვი მეცადინეობს, კარგად უნდა იყოს განათებული. სასურველია, საწერ მაგიდაზე იდგეს სინათლის დამატებითი წყარო. როცა განათება არასაკმარისია, თვალი ზედმეტად იტვირთება, რაც ნაადრევ გონებრივ გადაღლას და შრომის უნარის დაქვეითებას იწვევს, ხოლო თუ ბავშვს სისტემატურად უხდება ცუდად განათებულ ოთახში მუშაობა, ეს საბოლოოდ მხედველობის დაქვეითებამდე მიგვიყვანს.
- საშიშია თუ არა წოლისას კითხვა ან ტელევიზორის ყურება?
- წოლისას კითხვა და ტელევიზორის ყურება ერთნაირად მავნეა ბავშვისთვისაც და მოზარდისთვისაც, თუმცა, ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ამას თავიდან ვერ ავიცილებთ. მხოლოდ ეს შეგვიძლია გირჩიოთ: ეცადეთ, ბავშვმა რაც შეიძლება იშვიათად იკითხოს დაწოლილმა. უმჯობესი იქნება, თუ საწოლში ნახევრად წამოჯდება ან თავს მაქსიმალურად წამოსწევს, სასთუმალთან კი ედგმება მკვეთრი სინათლის წყარო, რომლის შუქიც ტექსტისკენ იქნება მიმართული.
|